რა არის ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა (AML Policy) 

   ფულის გათეთრება ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რომელიც არაკანონიერ ფულს კანონიერი ბრუნვის საშუალებას აძლევს. აღნიშნული მოქმედების მიზანია, უკანონოდ მოპოვებული თანხის კანონიერ ბრუნვაში მოქცევა მოხდეს შეუმჩნევლად, იმგვარად, რომ მისი არაკანონიერი ბუნება შეუმჩნეველი დარჩეს. შესაბამისად, პირი, რომელიც მონაწილეობს ფულის გათეთრებაში ან თავად ათეთრებს არაკანონიერ ფულს, ამ დროს უკანონოდ მოპოვებულ ფულს ეკონომიკურ ბრუნვაში უშვებს და მისგან სარგებელს იღებს, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას. გარდა იმისა, რომ არაკანონიერი ქმედების ჩამდენი პირის მოპოვებული ფული, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს და მოხმარდეს სხვა არაკანონიერ ქმედებებს. ამ დროს მოპოვებული ფულით იგი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ბიზნესის კეთილსინდისიერ წარმომადგენლებს, რომელთაც თანხა კანონიერი საშუალებებით მოიპოვეს და ეკონომიკური ბრუნვის მონაწილეები გახდნენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დროულად გამოვლინდეს ასეთი დანაშაული და არაკანონიერი ქმედების თავიდან არიდების პროცესში, კერძო სექტორის ის წარმომადგენლებიც ჩაერთონ, რომელთაც ფინანსურ გარიგებებთან ყოველდღიური შეხება აქვთ.

 

ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა საქართველოში

   საქართველოს კანონი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის“ შესახებ მიიღეს 2003 წლის 6 ივნისს, თუმცა, ამ დროს კანონის მოქმედების სფერო ადვოკატებზე არ ვრცელდებოდა. კანონის მიხედვით, „უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა“ წარმოადგენს დასჯად ქმედებას და ფულის გათეთრების სფეროში ექცევა. ფულის გათეთრების დანაშაულის შესახებ საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული მუხლი ეხებათ როგორც ადვოკატებს, ისე სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, თუ ისინი მონაწილეობენ ფულის გათეთრებაში ან ეხმარებიან იმ პირს ვინც ფულს ათეთრებს. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის კოდექსის 1941  მუხლით, არამარტო დანაშაულის ჩამდენი პირი, არამედ ის პირი, რომელმაც იცოდა და გაანალიზებული ჰქონდა, რომ იძენდა არაკანონიერ ქონებას, ასევე სჩადის დანაშაულს. საქართველოს კანონმდებლობამ გაითვალისწინა ევროსაბჭოს კონვენციის მოთხოვნა, რომ ფულის გათეთრება დასჯადი უნდა იყოს იურიდიული პირის შემთხვევაშიც.

   

მაღალი და დაბალი რისკ ფაქტორები

FATF-ის რეკომენდაციები ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობისას ეფუძნება მაღალი და დაბალი რისკ ფაქტორებს. კლიენტის იდენტიფიცირების შემთხვევების განხილვისას FATF-ის რეკომენდაციით, მაღალი რისკ ფაქტორების გამოვლენისთვის ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ შემთხვევებზე:

• ბიზნეს ურთიერთობები მხარეებს შორის უჩვეულოა, მაგ. გეოგრაფიულად დიდი სხვაობაა

• ფინანსურ ინსტიტუტსა და კლიენტს შორის სახეზეა არარეზიდენტი კლიენტი

• იურიდიულ პირები ან გარიგება დაკავშირებულია ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან

• კომპანიებს, რომელთაც აქვთ ნომინალური წილი ან წილი, რომლის დამადასტურებელი  კუპონები გააჩნიათ, თუმცა ასეთი წილი არ არის რეგისტრირებული რეესტრში (bearer share)

• ნაღდი ფულის გადამხდელი ბიზნესი

• ბიზნესის სტრუქტურა ან თავად კომპანია არის ზედმეტად რთული და უჩვეულო

 

პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენა 

   საქართველოს კანონი "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის მე-2 მუხლის `ქ პუნქტის მიხედვით, პოლიტიკურად აქტიურ პირს მიეკუთვნება უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უკავია საჯარო/სახელმწიფო თანამდებობა ან ეწევა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ან/და სახელმწიფოებრივ საქმიანობას.

  GramPak-ს მიერ პოლიტიკურად აქტიურ პირებთან კლიენტის იდენტიფიცირების გაძლიერებული ზომების გამოყენება უკავშირდება მათ გავლენას, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას, ისევე როგორც - კორუფციას. როდესაც კომპანიას ურთიერთობა აქვს პოლიტიკურად აქტიურ პირებთან, მათი ოჯახის წევრებთან ან ახლობლებთან, მაშინ ასეთი ბიზნეს ურთიერთობის დაწყებისთვის კომპანია იღებს გონივრული ზომებს, რომ დაადგინოს ქონებისა და ფონდების წყარო, დააწესოს გაძლიერებული მუდმივი მონიტორინგი ბიზნეს ურთიერთობაზე.

 

მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, ორგანიზაციებიდან კლიენტების გამოვლენა

   "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანების მიხედვით, კომპანია GramPak წყვეტს ან უარს აცხადებს საქმიანი ურთიერთობის წარმართვაზე  კლიენტთან, თუ პირის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება ან გარიგების მონაწილე მხარე შეყვანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში.